აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირმა ნიჟარაძე წარადგინა


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებს, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირმა ნიჟარაძე წარუდგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირმა ნიჟარაძეს ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ სპორტის დეპარტამენტის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანად და ჯეროვნად წარიმართება.

„ჩვენ ყველა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს ვუფრთხილდებით თვალის ჩინივით. ამ დეპარტამენტს აქვს ორი მთავარი ამოცანა: პირველი, რომ ყველა თანამშრომელი იყოს სათანადოდ დაფასებული და მეორე, რომ ყველა სახის დაფინანსება და კონკრეტული პროგრამა მიდიოდეს სპორტსმენებამდე. სპორტსმენები არიან ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და ირმა ნიჟარაძეს წარმატებები უსურვა.

ირმა ნიჟარაძე 2015 წლიდან ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

წარდგენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ესწრებოდნენ.